პროდუქტის ვიზუალურ მხარეს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. თუმცა დღესდღეობით სოციალურ მედიაში და ელექტრონული კომერციისას, ვიზუალური ეფექტის მნიშვნელობის გამოსახატავად კარგად ნაცნობი ფრაზა შეიძლება მოვიშველიოთ "თვალი ჭამს და თვალი სვამს", რაც ნათლად წარმოაჩენს ადამიანის ფსიქოლოგიას ონლაინ ვაჭრობისას.
"თვალის როლი" მარკეტინგში განუსაზღვრელად გაიზარდა, რაც კლასიკური ფსიქოლოგიის გათვალისწინებით ბუნებრივი პროცესია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. ზოგისთვის აუცილებელია პროდუქტის ცოცხლად ნახვა და შეხება, ზოგი კი ვიზუალითაც კმაყოფილდება. სწორედ ეს კატეგორია შეიძლება მოვისაზროთ ელექტრონული კომერციის აუდიტორიად.
ფოტოგრაფიის საშუალებითაა შესაძლებელი შეიქმნას პროდუქტის ისეთი ვიზუალი, რომელიც მომხმარებელში აღძრავს მისი ფლობის სურვილს. სწორად შერჩეული სტილი, რაკურსი, განათება, ფონი, ეფექტები და ა.შ. მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბიზნესის ეკონომიკურ სარგებლიანობას. ვებგვერდზე თუ სოციალურ მედიაში ინფორმაციის წაკითხვამდე მომხმარებლის ყურადღებას ძირითადად ფოტო-მასალა იპყრობს. ამიტომაც დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პროდუქტის ვიზუალური მხარე კარგადაა წარმოჩენილი.
შეიძლება ფიქრობთ, რომ ჯერ არ ხართ პროფესიონალი ფოტოგრაფი და აპარატიც არ გიწყობთ ხელს. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ მოინახულოთ სხვადასხვა საიტები, რომელიც დაგეხმარებათ ახალი იდეების გენერირებაში, წარმოდგენას შეგიქმნით განლაგებაზე, განათებაზე, სტილზე, მცირე დეტალებზე და ა.შ.
ამ ბლოგში კი ჩვენ მოგცემთ საბაზისო რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ პროდუქტის ფოტოგრაფიისას:
1. შეარჩიეთ სურათების გარკვეული რაოდენობა
პირველი რაც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პროდუქტის ფოტოგრაფიის დაგეგმვისას არის ის თუ რამდენი სურათი გსურთ აჩვენოთ მომხმარებელს. თუ გადახედავთ ონლაინ გაყიდვების საიტებს, ნახავთ, რომ ისინი გამყიდველებს სთავაზობენ პროდუქტის 2 ან მეტი რაოდენობის ფოტოს დათვალიერებას. სასურველია იფიქროთ თითოეული პროდუქტისთვის სამი სურათის ჩვენებაზე.
2. გადაიღეთ ფოტოები სხვადასხვა მოქმედებაში
სტანდარტული ფოტოების ჩვენების გარდა, იფიქრეთ ნივთების გამოყენების პროცესში გადაღებული ფოტოების განთავსებაზე, რომლებიც წარმოაჩენს პროდუქციას და მის უპირატესობას.
3. აჩვენეთ თითქმის ყველა ფერი და სტილი
მომხმარებელთა გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამიტომაც, თქვენი პროდუქცია წარმოაჩინეთ სხვადასხვა ფერსა და სტილში. ამით შეინარჩუნებთ მრავლფეროვნებას და დააინტერესებთ სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს.
4. გახადეთ თქვენი სურათები საინტერესო
ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი საკითხია. რაც უფრო მიმზიდველია თქვენი პროდუქტი, მით უფრო დიდია მისი გაყიდვის შანსი. არსებობს სხვადასხვა ტექნიკა, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ იმისათვის, რომ თქვენი პროდუქტი მაქსიმალურად მიმზიდველი იყოს. აირჩიეთ განათება სწორად ისე, რომ პროდუქტი თანაბრად განათდეს. იფიქრეთ იმაზე, თუ რა ფონზე გსურთ გადაღება. სწორად შეარჩიეთ ფოკუსი. გამოიყენეთ პროგრამები ფოტოების რედაქტირებისთვის და ნაკლოვანებების შესასწორებლად.
ფოტოგრაფია პიცერია "პიცა მიცა"-სთვის
მიუხედავად იმისა, რომ "სურათი ამბობს ათას სიტყვას" ბლოგის ბოლოს გირჩევთ დაიცვათ ოქროს შუალედი პროდუქტის რეალურ და წარმოჩენილ ვიზუალს შორის. გადაჭარბებულმა და არარეალურმა მოლოდინმა გაცილებით დიდი დანაკარგი შეიძლება გამოიწვიოს, რადგან მომხმარებლები ტყუილს და იმედგაცრუებას არ პატიობენ.
უფასო კონსულტაციისთვის კი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შინდის გუნდს.
სტატიის ავტორი: სოფო ქამადაძე