დღევანდელ ინფორმაციით გადატვირთულ მსოფლიოში ძლიერი ბრენდი ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. იგი არა მხოლოდ კონკურენტებისგან გამორჩევაში გეხმარებათ, ძლიერი ბრენდი ჰყვება ისტორიას და კავშირს ამყარებს სამიზნე აუდიტორიასთან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებლის ნდობას და ერთგულებას განაპირობებს.
ბრენდის შექმნის პროცესი მოიცავს, როგორც შინაარსობრივ, ისე ვიზუალურ მხარეზე მუშაობას.
ბრენდის შინაარსობრივი მხარის განსაზღვრის დროს, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვებს: რა ფილოსოფიის და ღირებულებების მატარებელია ბრენდი, ვინ არის სამიზნე აუდიტორია, რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა და ა.შ.
ბრენდის ვიზუალური მხარე კი მოიცავს ლოგოს, ფონტებს, ფერების პალიტრას, ვიზუალურ სტილსა და სხვა გრაფიკულ თუ ანიმაციურ ელემენტებს. ბრენდის ვიზუალური მხარე კავშირში უნდა იყოს ბრენდის ფილოსოფიასთან, რაც ბრენდს უფრო ერთიანს და დასამახსოვრებელს ქმნის.
ამ ბლოგში გიზიარებთ ჩვენი სააგენტოს 4 სხვადასხვა პროფილის დამკვეთისთვის ბრენდინგზე მუშაობის გამოცდილებას.
1. სტომატოლოგიური კლინიკა ექსპერტალი
მიზანი: ისეთი სახელის მოფიქრება და ვიზუალური იდენტობის შექმნა, რომელიც გამორჩეული იქნება კონკურენტებისგან, გადმოსცემს ბრენდის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას და ამავე დროს ერთნაირად გასაგები იქნება, როგორც ქართულენოვანი, ისე უცხო ენაზე მოსაუბრე მომხმარებლისთვის.
სტრატეგია: ჩაღრმავებული ინტერვიუებით კლინიკის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად გამოიკვეთა გუნდის გამოცდილება. აქედან გამომდინარე გადაწყდა ისეთი სახელწოდების, სიმბოლოს და ვიზუალური იდენტობის შექმნა, რაც ბრენდის მთავარ განმასხვავებელ ნიშანთან, გამოცდილებასთან იქნებოდა კავშირში.
შედეგი: სიტყვებისგან „ექსპერტი“ და „დენტალი“ შევადგინეთ სახელწოდება „ექსპერტალი“, რომელიც გუნდის მთავარ უპირატესობას, „ექსპერტულობას“ უსვამს ხაზს და რაც ასევე წარმოსათქმელად მარტივი და გასაგებია ნებისმიერი ეროვნების მომხმარებლისთვის. სახელწოდებაში ასევე გათვალისწინებული იქნა სამიზნე აუდიტორია, ვისთვისაც ხარისხი პრიორიტეტულია. სახელწოდების ვიზუალურ ნაწილში გამოვიყენეთ ქართული და ინგლისური “ე+E“ სიმბოლოების შეთავსება და შევქმენით საჭადრაკო ფიგურა „მეფე“, რომელიც ლიდერობას და მოწინავეობას უსვამს ხაზს. აღნიშნული სტილის გაშლა კი მოხდა საპრომოციო მასალებში.
2. საცხოვრებელი კომპლექსი ბელ ვიუ რეზიდენსი
მიზანი: ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული და მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსისთვის ლოგოს შექმნა, რომელიც ხაზს გაუსვამს კომპლექსის მაღალ დონეს და კონკურენტებისგან გამორჩეულობას.
სტრატეგია: ჩატარებული კვლევებით გაირკვა, რომ კომპლექსის ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა მისი უმაღლესი ხარისხი და ცხოვრების მაღალი დონე, ლოკაცია და კონსტრუქციის უნიკალური ფორმაა, რომელიც ორი შენობისგან შედგება, მაგრამ მომხმარებლის თვალში ერთიან შენობად აღიქმება.
შედეგი: კომპლექსის ლოგოსთვის სიმბოლოდ შეირჩა ორი ოქროს ზოდი, რომელიც უკვე კარგად დამკვიდრებული ორი შენობის ფორმას იმეორებს, ხოლო თავად ოქრო კომპლექსის ღირებულებას და ფასეულობას უსვამს ხაზს. ლოგოზე დაყრდნობით შემუშავებული ვიზუალური სტილი მთლიან კომუნიკაციაში გაიშალა.
3. პიცერია პიცა მიცა
მიზანი: პიცერიისთვის ლოგოს რედიზაინი, პროდუქტის შეფუთვა და ვიზუალური სტილის შექმნა.
სტრატეგია: პიცერიის რებრენდინგის საჭიროება პიცერიის ხასიათის, ღირებულებების და თავად პროდუქტის ცვლილებით იქნა განპირობებული. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა პიცერიის ვიზუალური სტილის განახლება, რაც განახლებულ ფილოსოფიასთან იქნებოდა თანხვედრაში. ჩატარებული კვლევის მიხედვით, განახლების შედეგად პიცერია უფრო მხიარული, არასტანდარტული, გემრიელი და მოქნილი გახდა, რასაც დაეფუძნა რებრენდინგი.
შედეგი: სიმბოლოზე მუშაობისას გამოვიყენეთ ფერთა ტონები, რომელიც პროდუქტის შემადგენლობაში შედის, რაც მის მხიარულ ხასიათს უსვამს ხაზს, ხოლო არასტანდარტულად დახატული ფონტი, რომლითაც შეიკრა სიმბოლო, მოქნილობის განცდას ქმნის. შედეგად შეიქმნა ლოგოტიპი ორ სხვადასხვა ენაზე და ვიზუალური იდენტობა გაიშალა, როგორც პროდუქტის შეფუთვაზე, ასევე ინტერიერის დიზაინში და საპრომოციო მასალებზე.
4. წვეულებათა და გართობის სივრცე ფანივერსი
მიზანი: ახალი საბავშვო გასართობი სივრცისთვის სახელის, სლოგანის, ლოგოს და ბრენდბუქის მომზადება, რომელიც გამოსცემს ბრენდის მთავარ ღირებულებას და გამოარჩევს მას კონკურენტებისგან.
სტრატეგია: ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ ბაზარზე სადღესასწაულო საბავშვო სივრცეები ძირითადად ფოკუსირებული არიან ზღაპრული ან ანიმაციური ფილმების გმირებზე და შესაბამისად ცენტრების სახელწოდება და ლოგოტიპი აღნიშნულ პერსონაჟებს ერგება. სამიზნე აუდიტორიის მოკვლევის შედეგად კი გაირკვა, რომ წვეულების ორგანიზების დროს ბავშვებისთვის, თინეიჯერებისთვის და მშობლებისთვის პრიორიტეტულია მათზე მორგებული გარემოს, „საკუთარი ჯადოსნური სამყაროს“ შექმნა.
შედეგი: სწორედ ამიტომ ობიექტისთვის შეირჩა შედგენილი და უნიკალური დასახელება „გართობისა და სამყაროს“ სიტყვების შერწყმით „Fun + Universe”. დასახელება ასევე მორგებულია ქართულენოვანი და უცხოენოვანი სტუმრებისთვის. ლოგოტიპი და ვიზუალური მიმართულება კი იისფერის, წვეულებისა და გალაქტიკის დეტალების კომბინაციით შეიქმნა, რაც მკაფიოდ გადმოსცემს ოცნებებში აღწერილი სურვილების ემოციურობას და ხასიათს.
როგორც ზემოთ აღნიშნული მაგალითებიდან ჩანს, კარგად ჩამოყალიბებულ ბრენდის ფილოსოფიას და ვიზუალურ იდენტობას მჭიდრო კავშირი აქვს ერთმანეთთან. სწორედ ეს ქმნის ერთიანობის აღქმას მომხმარებლის გონებაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების საფუძველია.
შინდში კომპანიებს ვეხმარებით შექმნან თავიანთი უნიკალური და სამიზნე აუდიტორიისთვის რელევანტური ბრენდი და შესაბამისი ვიზუალური იდენტობა. ჩვენს გამოცდილებას შეგიძლიათ გაეცნოთ ნამუშევრების გვერდზე, უფასო კონსულტაციისთვის კი შეგიძლიათ მოგვმართოთ თქვენთვის სასურველ დროს.